Monday, April 26, 2021

ინტერვიუ ფიქრია ყუშიტაშვილთან

 

,,ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული არა მხოლოდ პოლიტიკაში , არამედ ყველა სფეროში"

თქვენთვის, როგორც პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ქალისთვის, რა არის ფემინიზმი და რა როლს თამაშობს ის თანამედროვე სამყაროში?

მე კლასიკური გაგებით ფემინისტი არ ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში უზარმაზარი როლი აქვთ ქალებს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მაღალი ინდექსია ქალთა უფლებების დარღვევის და დღესაც არსებობს ის ადამიანური სიბნელე, როდესაც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან  სწორედ ქალები.  ვფიქრობ, რომ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის არ  უნდა იყოს მხოლოდ ქალების  მონაპოვარი. იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ჰარმონიული, ქალებმა და კაცებმა თანაბრად უნდა იბრძოლონ ამ უფლებებისათვის. წინააღმდეგ შემთხვეაში  იქნება დისბალანსი, რაც თავისთავად დააზიანებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს.

საქართველოს სინამდვილეში უნდა იყვნენ თუ არა აქტიურად წარმოდგენილნი ქალები პოლიტიკაში?

ქალები აუცილებლად  აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული  არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა სფეროში ეს თავისთავად გაზრდის ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხს, გააუმჯობესებს როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის დამკვიდრებასა და გამყარებას. მე ვფიქრობ, რომ ქალი გაცილებით უფრო კალეიდოსკოპურად აღიქვამს რეალობას, როდესაც ხდება რაღაც  მოვლენის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება, ქალი ნაკლებად რადიკალურია, მეტად დიპლომატია და მეტად მიდრეკილი მშვიდობიანობისაკენ. საქართველოში ხომ გვაქვს  მანდილის ჩაგდების შესანიშნავი ტრადიცია, როდესაც ორ მოქიშპე მხარეს  ათანხმებს შერიგების მანდილი. ეს ნიშანი არის  ნათელი გამოძახილი  იმისა, რომ ქალები მეტად შემრიგებლური პოლიტიკისკენ გადაწონიან მოვლენებს. დღეს საქართველოს სინამდვილეს და იმ კრიზისებს, რომლებიც პანდემიის დროს მრავლად დაგვიგროვდა, სჭირდება ზომიერი, დაბალანსებული პოლიტიკა,  არარევოლუციური, მაგრამ ,,ევოლუციური“. ქალი თავის თავში , როგორც ახალი სიცოცხლის მბადი „ჭურჭელი“, უკვე  ევოლუციის მატარებელია.

გავიხსენოთ, საქართველოს ისტორიაში  ყველაზე დიდებული ეპოქა, რომელსაც დღემდე ყველანი მივტირით, ე.წ. ,,ოქროს ხანა", რომელიც თამარს უკავშირდება. არა მხოლოდ თამარი, საქართველოს ძალიან ბევრი   რჩეული ქალი ჰყავდა, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს კეთილდღეობისთვის . ბევრი კარგად ვიცით, ზოგის შესახებ ნელ-ნელა ამოდის ისტორიული ცნობები. სხვათაშორის , ეს ქალების არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაშიც  საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ.

ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თუ  შეჯახებიხართ გენდერულ დისკრიმინაციას? 

ყოფილა მსგავსიდაწყებული ჩემი  პირველადი პროფესიიდან, რაც თეატრს უკავშირდება, მაგალითად, თუნდაც სპექტაკლის დადგმის დროს. ასე იყო მიღებული, რომ რეჟისურა არის ,,კაცის საქმე’’ , უფრო ,,კაცური პროფესიაა’’ და არა ,,ქალური’’, ლილი იოსელიანმა, არაჩვეულებრივი სკოლის წარმომადგენელმა და ფუძემდებელმა, რომელმაც მთელი მიმდინარეობა შექმნა ქართულ თეატრში  და ქალბატონმა მედეა კუჭუხიძემ ეს სტერეოტიპები დაამსხვრიეს და არაჩვეულებრივი შედეგები დადეს ამ ასპარეზზე. დღესაც გვყავს ქალები, რომლებიც რეჟისურაში მოღვაწეობენ. მსგავსი სიტუაციაა ქართულ მწერლობაშიც. რატომღაც ესეა  მიღებული , რომ უფრო მეტად საზოგადოებამ იცის კაცი მწერლები , ვიდრე ქალი მწერლები, თუმცაღა გვყავს  შესანიშნავი თანაბარი ძალის ქალი მწერლები პოეზიაშიც და ლიტერატურაშიც. მახსენდება წინა საუკუნის ნამდვილი შედევრების შემქმნელი ქალბატონი ანა კალანდაძე, რომლის გამოჩენამ პოეტურ ასპარეზზე სრული გადატრიალება მოახდინა . ასეთივე ტენდენციები მოჰყვა ლია სტურუას გამოჩენას. დღეს სრულიად სხვა სურათია და არ გვეყოფა ამ ინტერვიუს ფორმატი ნიჭიერი პოეტი და პროზაიკოსი ქალების ჩამოსათვლელად. კინოშიც ასე ითვლებოდა, რომ  კინო იყო კაცის სფერო იმიტომ რომ ფიზიკურ გამძლეობასა და ამტანობას მოითხოვდა, მაგრამ გავიხსენოთ ლანა ღოღობერიძე, ნანა მჭედლიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ჯანელიძე, ქართული კინოს  კლასიკოსები  ეს სტერეოტიპები ბევრი შემხვედრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ამ სტერეოტიპებს არ ვეთანხმები არანაირად, რადგან დღეს მსოფლიოში ქალები ნებისმიერ სფეროში საკმაოდ წარმატებულები არიან. ქალს ბევრი წინაღობა ხვდება წარმატების გზაზე, ოჯახის ტვირთი, მეუღლის ხედვაოჯახის წევრების დამოკიდებულებები მისი პროფესიისადმი, მაგრამ ბევრი ქალი ახერხებს ამ წინაღობის გადალახვას და წარმატების მიღწევასმე ვფიქრობ, რომ ეს სტერეოტიპები არის ადამიანის მიერ მოგონილი ბარიერი, ოღონდ ეს ბარიერი ძალიან მყიფე, რადგან რასაც იგონებს ადამიანი, შემდგომ თავადვე ამსხვრევს  მას.

თქვენ რას ურჩევთ იმ ქალებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი ჩანაფიქრის რეალიზებას?

მთავარია მიზეზი, რა უშლის მას ხელს. მაგალითად სოციუმი, რომელიც გარშემო აკრავს, თავისი ვიწრო წრე, საზოგადოება, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ქალს ბიზნესში, ან  მეწარმეობაში ან სხვა დიდ ასპარეზზე, ასევე საკუთარ თავში არდაჯერებულობა.  მე ვფიქრობ,  რომ მთავარია ადამიანმა, შინაგანი პერსონალური გამთლიანება შეძლოს და ირწმუნოს საკუთარი თავის. თუ ის ბოლომდე ირწმუნებს, საზოგადოება დაიჯერებს მის შესაძლებლობებს. ჩვენ გარშემო ასეთი ბევრი ქალია. მახსენდება ის პერიოდი, როდესაც ნატოს შტაბბინაში  ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ქალბატონ ნინო ზამბახიძესთან ერთად ვიყავი. ის თავად ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში  რომ დასაწყისში ხელმოცარულმა სრული ზარალით  დაიწყო საქმე, თუმცა  დაძლია ყველა გამოწვევა და დღეს წარმატებულია და  საუკეთესო მაგალითია ბევრი ქალისთვის.

თეატრის მაგალითზე გავიხსენოთ , ქართული სცენის ნამდვილი ლეგენდა მაკო საფაროვა, რომელმაც თელავის თეატრშიც ითამაშ, თავის დროზე ილიას და აკაკის ჩარევა გახდა საჭირო, რომ დარწმუნებინათ ოჯახი, ნება დაერთოთ სცენაზე სათამაშო და ეს რომ არ მომხდარიყო, მაკოს გარეშე მე-19-მე-20  საუკუნის თეატრი ჭეშმარიტ მარგალიტს დაკარგავდა.

მე მიმაჩნია, რომ თავად ადამიანზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და მე ყველა ქალს, რომელსაც მიზეზები არ ელევა ბარიერებთან ჭიდილისას, ვურჩევ, რომ ჯერ საკუთარი თავის განვითარებაზე იმუშაოს და ჩანაფიქრი აუცილებლად გამოუვა. დროის გადანაწილებასაც შეძლებს  სხვადასხვა ვალდებულებასა და  საყვარელ საქმეს შორის.

საკუთარ თავზე ვიტყვი. მე მაქვს  დიდი ოჯახი, ასევე სამსახურეობრივი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაგრამ მაინც არ ვწყვეტ იმის კეთება, რაც მიყვარს. მაგალითად, ლექსი დამიწერია სადილის კეთების დროს .  საინტერესო ლექცია მომისმენია სარეცხის დაუთავებისას.

დღემდე დილით გაღვიძებისთანავე ვცდილობ შევიქმნა განწყობა, რომელიც გამყვება მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად,  მაქვს ასეთი რიტუალი, როდესაც დილით ვდგები, გვერდით მიდევს ,,ვეფხისტყაოსანდა ვკითხულობ რამდენიმე სტროფს  ,,დაგემოვნებით“ , სულ ვცდილობ, რომ ან ახალი მუსიკა დავიჭირო ან ჯერაც ვერშეგრძნობილი პოეტური მეტაფორა ან რაღაც ისეთი, აქამდე რომ წავიკითხე და არ შემიმჩნევია.  რასაკვირველია, ყოველდღიური ყოფა რუტინაა ,სადაც სანერვიულო ყოველთვის არსებობს, შინ თუ გარეთ. ეს არის ადამიანის მოცემულობა,  რომ ყველაფერზე ღელავ და ნერვიულობ,  მაგრამ  ნინო რამიშვილმა ერთხელ არაჩვეულებრივად დამარიგა და დღემდე მახსოვს -ასე მითხრა, სიბერე და წარუმატებლობა მაშინ მოდის ადამიანთან, როდესაც მას საკუთარი თავის გარდა უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებსო. 

 თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, ქალთა ოთახის არსებობა მუნიციპალიტეტში და როგორ გესახებათ მისი განვითარების პერსპექტივა?

ქალთა ოთახი არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმონაქმნი მუნიციპალიტეტებში ქვეყნის მასშტაბით. ამ სივრცის შექმნის საჭიროება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ, როგორც აღმოჩნდა, ქალები გაუცხოებულები იყვნენ  გადაწყვეტილების მიღების  პროცესისგან. ხშირ შემთხვევებში  ჩვენ გვერდით არიან ქალები, რომელთაც პირადი სივრცე არ გააჩნიათ.  არ არსებობს მათთვის კუთხე, სადაც თუნდაც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების  დახმარებით მიიღებენ ინფორმაციას, ისაუბრებენ მათთვის სასარგებლო თემებზე.

ქალთა ოთახი მუნიციპალიტეტში უნდა იყოს და  არის ის კუნძული, სადაც ადამიანს შეუძლია მოვიდეს და მოყვეს თავისი გასაჭირი, ის, რასაც არ უამბობს მეზობელს, მეგობარს ან ნათესავს, შეიძლება აქ ამოთქვას და  უნდა ეგულებოდეს ადამიანი, რომელიც იქნება მისი მეგობარი, მრჩეველი, მესაიდუმლე და მას დახმარების ხელს გაუწვდისსამომავლო ქალთა ოთახი შეიძლება მრავალფეროვანი  იყოს, რასაკვირველია, ქალის განვითარებაზე მისი ცნობიერების ამაღლებაზე  ორიენტირებული. რაც უფრო მეტი საინტერესო შეხვედრა იქნება საინტერესო თემებზე, დაწყებული ჯანმრთელობიდან  დამთავრებული ინტელექტუალური მსჯელობითა და სამართლებრივი საკითხებითრადგან ბევრმა ქალმა არ იცის, თუნდაც საკუთარი უფლებების შესახებ, მაგალითად ქონებრივი უფლებების შესახებ, როდესაც მიიჩნევა, რომ კაცი არის ძირითადი მემკვიდრე და ქალი არის რაღაც ,,დანამატი“ . აქედან გამომდინარე ალბათ ,,ქალთა ოთახი უნდა იყოს ის სივრცე, რომელიც ქალს აპოვნინებს საკუთარ შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ქალთა ნომაწილეობის გაზრდას თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  განახორციელებს პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

ეთერ ჯიშკარიანი

დაიბადა 1936 წლის 7 ნოემბერს . დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფ...